/ სიახლე / ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდა...

ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდა

4-დან 9 აპრილის ჩათვლით, სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ზუბიტაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარიამ პაპიაშვილი ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ქალაქ კაუნასში ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა გიორგი ზუბიტაშვილმა, სხვადასხვა სპეციალიზაციის სტუდენტებთან ჩაატარა როგორც პრაქტიკული, ასევე   თეორიული მეცადინეობები (ინგლისურ ენაზე), რომლის ძირითად თემებს წარმოადგენდა :  საწვრთნელი ციკლები (მიკროციკლები, მაკროციკლები); საწვრთნელი ცვლადები (მოცულობა და ინტენსიობა);  განტვირთვა და პიკირება სპორტულ შესაძლებლობათა მაქსიმიზირების მიზნით.  პრაქტიკული მეცადინეობები წარიმართა უნივერსიტეტის ძიუდოს დარბზში, სადაც პროფესორმა ზუბიტაშვილმა ჩაატარა მასტერკლასი სპორტის უნივერსიტეტის ძიუდოს სპეციალიზაციის სტუდენტებთან.

ასოცირებულმა პროფესორმა მარიამ პაპიაშვილმა წაიკითხა ლექციები სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით (ინგლისურ ენაზე), თემებზე :  ფსიქოლოგიური მახასიათებლები ასპარეზობის დროს; კონცენტრაცია, ფოკუსირება წნეხის დროს; ეფექტური მწვრთნელობის პოზიტიური მიდგომები; ასპარეზობის მაჩვენებლების ზრდა; მოტივაცია, ეფექტური კომუნიკაცია. ის  ასევე შეხვდა ლიეტუველ კოლეგას,  ასოცირებულ პროფესორ ილონა ტილინდიელს. შეხვედრაზე კოლეგებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ლიეტუვის სპორტის უნივესიტეტში სპორტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესახებ  ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ამ პროგრამის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კაუნასის სპორტის უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან, ასოცირებულ პროფესორ ჯურეიტ პოზერინს და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელს ტომას კუკენისთან.  ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზები, კვლევითი ცენტრები, გაეცნენ კვლევით სიახლეებს,  ისაუბრეს ლექტორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების შესახებ.

როგორც მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ისე სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს წაკითხული თემატიკების მიმართ და გამოთქვეს სურვილი, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მათსა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის უფრო გაფართოვდეს.

ვიზიტის ბოლოს პროფესორ გიორგი ზუბიტაშვილს და ასოცირებულ პროფესორ მარიამ პაპიაშვილს ერაზმუს + ის სერტიფიკატები გადაეცათ.

 

1
2
3