საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

07 ნოემბერი, 2019

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, 7 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.

"პირველ რიგში ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის რეფორმა და, რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც გვქონდა, როგორც სპორტში ისე კულტურის მიმართულებით", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ქართული ოცნების მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში მიხეილ ბატიაშვილი განათლების მეხუთე შეცვლილი მინისტრია. მანამდე განათლების მინისტრები იყვნენ გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და მიხეილ ჩხენკელი.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა. ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის 2018 წლის აგვისტოში სტუდენტების მიღების უფლების შეზღუდვა. ამან მაშინ პირველკურსელების პროტესტი გამოიწვია.

გარდა ამისა, მინისტრმა შეცვალა მისაღემი გამოცდების სისტემა და 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

მიხეილ ბატიაშვილი ასევე აკრიტიკებდა რეპეტიტორების პრაქტიკას. მისი თქმით, დღევანდელ სისტემაშიც გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციულ ელემენტებსაც შეიცავს.

ერთ-ერთი რეფორმა მინისტრმა საპენსიო ასაკის მასწავლებლების შესახებ გაატარა. პენსიონერი მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ. მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

მინისტრის სახელი უკავშირდება, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ ერთ-ერთ გახმაურებულ ია კერზაიას საქმეს. ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე იგი რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

ია კერზაიას შვილის განცხადებით, სკოლის დირექტორი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია და სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას საქმე ევროსასამართლოში გაიგზავნა. შენგელია პასუხისმგებლობას განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს აკისრებს.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლიის წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო.