28 სექტემბერი, 2015

სპორტის უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  საქართველოს ფიზიკურ აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2015 წლის 28 სექტემბერს 10 საათზე გაიმართა საზეიმო შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებმაც წარმატებით გადალახეს როგორც შიდა სპორტული ტური, ასევე ეროვნული გამოცდები. 2015-2016  სასწავლო წელს  უნივერსიტეტს 120 პირველკურსელი ეყოლება.      

  პირველკურსელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;  სპროტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები; საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი; პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე,    სპორტის დეპარტამენტის თავნჯდომარე ირაკლი დოლაბერიძე,  უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები.

  საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1938 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი. აკადემიის სტატუსი მიენიჭა 1994 წელს. სპორტის აკადემია 2007 წელს გაუქმდა და ილიას უნივერსიტეტს შეუერთდა. ეს უკანასკნელი იყო ბოლო წერტილი სასპორტო განათლების სფეროში. ამას წინ უძღოდა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში (ბათუმის, ქუთაისის, გორის და თელავის უნივერსიტეტებში) შესაბამისი ფაკულტეტების გაუქმება, რომ აღარაფერი ვთქვათ სპორტულ კლუბებსა თუ ფიზაღზრდის კათედრებზე.              

  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილებით, დაფუძნებულ იქნა  სპორტის  უნივერსიტეტი.

თავისი არსებობის 77 წლის წლის მანძილზე აკადემიამ გამოუშვა 25 000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს; უნივერსიტეტის დიპლომი დღესაც აღიარებულია მთელ მსოფლიოში. სპორტული შედეგების თვალსაზრისით უნივერსიტეტის 17 კურსდამთავრებული 19 ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, ხოლო მათი აღმზრდელი მწვრთნელ-პედაგოგების 80% სწორედ ამ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია.