05 ოქტომბერი, 2016

სპორტისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ თევზაძე უნივერსიტეტის რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

იმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ თევზაძე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

ბატონი თამაზ თევზაძე ა. წ. 23 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეხვედრაზე მან წარმოადგინა მისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, რომლის მთავარი გზავნილი იქნება „ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი  ჩვენი ცხოვრების წესი“.

საარჩევნო პროგრამა დაეფუძნება თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის მართვის სწორ პრინციპებს, რომლისერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება მისი ორგანიზაციულ–სტრუქტურული რეფორმა. ეს გულისხმობს საქართველოში ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის სამყაროს გაერთიანებას, ანუ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და სპორტის კომიტეტის შექმნას.

ბატონმა თამაზმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპის საბჭოს სპორტის ექსპერტთა თბილისში საკონსულტაციო ვიზიტის შემდგომ მიღებული ანგარიში საქართველოში ევროპის სპორტის ქარტიისა და ეთიკის კოდექსის შესრულების თაობაზე.  მან აღნიშნა, რომ ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის როლს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარების საქმეში. ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი არაერთი რეკომენდაციიდან აღსანიშნავია შემდეგი: 1. „სპორტის უნივერსიტეტსა და სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა, რათა შემუშავდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები თანამშრომლების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით“; 2. „სპორტის ეროვნულმაფედერაციებმა და სხვა ორგანიზაციებმა, საჯარო ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განათლებასა და სპორტზე, სპორტის უნივერსიტეტთან ერთად უნდა განიხილონ პროფესიული განათლებისა და სპორტის სფეროში ტრენინგების სისტემის შემუშავების საკითხი“; 3. „საინფორმაციო და კვლევითი სამუშაო და ფიზიკური განათლება სპორტის სფეროში სპორტის უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება თითქმის ექსკლუზიურად.  უნივერსიტეტს აქვს კარგი სამეცნიერო და ადამიანური რესურსი, რომელიც წარმოადგენს სასტარტო კაპიტალს ეროვნული მასშტაბით ინფორმაციის შეგროვებისა და კვლევისათვის, რაც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას“.

 

თამაზ თევზაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეჰპირდა, რომ თავის ძალისხმევას, გამოცდილებასა და პროფესიულ ცოდნას მოახმარს სასპორტო განათლებისა და მეცნიერების (მათ შორის სასპორტო მედიცინის) განვითარებას ევროპის თანამედროვე გამოცდილების გათვალიწინებით. 

შეხვედრის ბოლოს მან უპასუხა დამსწრეთა შეკთხვებს.