18 ოქტომბერი, 2017

საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სსიპ - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლელებლთა პროფესიული გადამზადება.

 

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ასევე უნივერსიტეტის, მასწავლებლის სახლისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  წარმომადგენლები.

 

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება. პირველი ეტაპზე დაგეგმილია თბილისის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის  სკოლების ფიზ. აღზრდისა და სპორტის პედაგოგების  გადამზადება, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები გაუძღვებიან. 2017 წელს ტრენინგ მოდულს 750-ზე მეტი პედაგოგი გაივლის.

 

ტრენინგ-მოდული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, პირველადი გადაუდებელი დახმარება, ადაპტიური ფიზიკური აღზრდა  და სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა.  

 

ტრენინგ- მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგებს დამატებითი  კრედიტი მიენიჭებათ.

 

ზემოაღნიშნულ პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სამომავლოდ არაერთ მსგავს ღონისძიებას გეგმავს.