/ ჩვენ შესახებ / ისტორია

ისტორია

სპორტის უმაღლესი სასწავლებელი (ამჟამად, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), სპორტული განათლებისა და მეცნიერების ერთადერთი და მდიდარი ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელია ჩვენს ქვეყანაში. მისი შექმნისა და ფუნქციონირების ისტორია, იქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლების დაუღალავი  შრომით  იწერებოდა.

 ის წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კადრების სამჭედლოს, რომელსაც გააჩნია სტუდენტთა საგანმანათლებლო, სპორტული, ინტელექტუალური, კულტურული, ზნეობრივი აღზრდისა და სასწავლო პროცესების მუდმივი სრულყოფის ჩამოყალიბებული ტრადიცია.

 თავისი არსებობის 83 წლის მანძილზე, ეს უმაღლესი სასწავლებელი მაღალკვალიფიციურ მწვრთნელ-მასწავლებელთა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტთა მომზადების მნიშვნელოვანი კერაა.

     უნივერსიტეტის ისტორია 1935 წლის 21 ივნისიდან  იწყება, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიქმნა ფიზიკური კულტურის განყოფილება, რომელიც იმავე წელს გადაკეთდა ფიზიკური კულტურის ფაკულტეტად. ფაკულტეტის შექმნასა და მის შემდგომ მუშაობაში, გამორჩეული ადგილი უკავია პროფესორ გიორგი მღებრიშვილს − ფაკულტეტის პირველ დეკანს. ის გახლდათ სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.   1930 წელს, მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც 1935 წლამდე თავადვე ხელმძღვანელობდა.

გიორგი მღებრიშვილს მხარში ედგნენ ფაკულტეტის დაარსების ენთუზიასტები: გიორგი მერკვილაძე (სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს დამსახურებული პედაგოგი); მიხეილ გორგაძე (საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი);ლევ გოლოვნია   (პედაგოგიკის დოქტორი, დოცენტი) და სხვები.

ლექციების წასაკითხად მოწვეული იქნენ საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერები: ივანე ბერიტაშვილი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ალექსანდრე ნათიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ადამიანის ანატომიის კათედრის დაარსება.

რევაზ ნათაძე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის დამაარსებელი. 

ალექსანდრე ხმალაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრას, იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენის კათედრის გამგე.

 

სპორტული საგნების მასწავლებლებად მოწვეულ სპეციალისტებს შორის იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს სსრკ დამსახურებული პედაგოგი − გიორგი ეგნატაშვილი. 

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს დამსახურებული პედაგოგი − ალექსანდრე ბაქრაძე; სსრკ დამსახურებული მწვრთნელები: მიხეილ თიკანაძე და გიგა მეუნარგია; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი − გიორგი რცხილაძე; საქართველოს დამსახურებული პედაგოგი − კონსტანტინე ბიბილური

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები: კონსტანტინე ზაუტაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ტარიელ ფურცელაძე, მიხეილ ანდრონიკაშვილი და სხვები, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკუთარ საქმეს.

ფაკულტეტის საქმიანობის შემდგომ წარმატებებს დიდად შეუწყო ხელი საქართველოს მთავრობის 1936 წლის 4 აგვისტოს დადგენილებამ, რომელიც სპორტული კადრების მომზადების საკითხებს ეძღვნებოდა. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, 1938 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფიზკულტურის ფაკულტეტი გამოეყო უნივერსიტეტს და მის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორი იყო თედო  სხირტლაძე.

თავისი არსებობის პირველ წლებში, ინსტიტუტს დიდი სიძნელეების გადალახვა მოუხდა. ქარხნის ყოფილი შენობა, რომელიც ინსტიტუტის საჭიროებებისათვის გადააკეთეს, ვერ აკმაყოფილებდა სასწავლო პროცესისათვის აუცილებელ მოთხოვნებს; არ იყო საკმარისი აუდიტორიები და ინვენტარი; სასწავლებელს არ გააჩნდა საკუთარი სპორტული ბაზები, სათანადო ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. საჭირო იყო სპორტული ბაზების იჯარით აღება, რომლებიც ინსტიტუტიდან შორს მდებარეობდნენ. ყოველივე ეს მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნიდა სასწავლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, სპორტის უმაღლესი სასწავლებელი ნელ-ნელა ძალას იკრეფდა.

       1939 წელს, ფიზიკური კულტურის ინსტიტუტმა, ჩვენს ქვეყანას მისცა სპეციალისტთა პირველი გამოშვება (სულ 93 სპეციალისტი)

მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში, ინსტიტუტმა გარდაქმნა თავისი მუშაობა. ფრონტის დასახმარებლად, სასწავლებლის კათედრებმა, სტუდენტების მონაწილეობით დიდი მუშაობა გასწია, რათა მოემზადებინათ ათასობით ხელჩართული ბრძოლის მცოდნეები, ყუმბარის მტყორცნელები, მოცურავეები, ველოსიპედისტები, მოთხილამურეები და ა.შ. მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, სტუდენტები დიდ მუშაობას ეწეოდნენ ჰოსპიტლებში; ხელმძღვანელობდნენ ჰიგიენური ტანვარჯიშისა და სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალურ მეცადინეობებს, რაშიც ასეულობით დაჭრილი მეომარი იყო ჩაბმული.

ინსტიტუტის მრავალმა აღზრდილმა ახალგაზრდამ და მასწავლებელმა, ფრონტზე დიდი სიმამაცე და ამტანობა გამოიჩინა. მათგან, ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სტუდენტს − ვახტანგ ლეჟავას, მიენიჭა გმირის მაღალი წოდება. ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, 1971 წლიდან, ყოველწლიურად ტარდებოდა მისი სახელობის ტურნირი ჩოგბურთში.

       წლების განმავლობაში, სულ უფრო უმჯობესდებოდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სასწავლო-მატერიალური ბაზა;

     1955 წლიდან ის გადავიდა სპეციალურად მისთვის აგებულ ახალ შენობაში, რომელიც შემდგომში სისტემატურად მდიდრდებოდა სპორტული ბაზებით, ლაბორატორიებითა და სასწავლო-სპორტული თუ სამეცნიერო-მეთოდური მუშაობისათვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებებით და მოწყობილობებით. კეთილმოეწყო და აღიჭურვა სპორტული დარბაზები: ტანვარჯიშის, ფრენბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, ჭიდაობისა და აღმოსავლური ორთაბრძოლების დარბაზები; ჩოგბურთის კორტები; ხელბურთის და კალათბურთის ღია მოედნები; ფეხბურთის სტადიონი; მძლეოსნური სარბენი ბილიკები; ხტომებისა და ტყორცნების სექტორები; ბაკურიანის სათხილამურო სასწავლო ბაზა და ღია საცურაო აუზი.

       ინსტიტუტს ჰქონდა დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები და აგრეთვე მწვრთნელთა სკოლა. სკოლას თავისი ფილიალები გააჩნდა ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და ცხინვალში.

ჩვენი ინსტიტუტის კურსდამთავრებულები, მუშაობდნენ ყოფილი სსრ კავშირის  რესპუბლიკებში.   1964 წელს, ჩვენს ინსტიტუტში  სწავლების ერთწლიანი კურსები გაიარა და მაღალკვალიფიციური მომზადება მიიღო კუბის ოცმა სპეციალისტმა.

  1966 წელს  შეიქმნა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსები. ნაყოფიერად მუშაობდა საზოგადოებრივი პროფესიების ფაკულტეტი  - სპორტული ჟურნალისტიკის, ტურიზმის, ინსტრუქტორ-ექსკურსიამძღოლების და სპორტში რეაბილიტაციის მიმართულებებით.

ინსტიტუტში ფუნქციონირებდა ასპირანტურა, რომელიც ამზადებდა მაღალკვალიფიციურ პედაგოგიურ კადრებს. 

1989-1992 წლებში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკათაგან, მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს გააჩნდა სადისერტაციო საბჭო − სპეციალობით: „ფიზიკური აღზრდის, სპორტული წვრთნისა და გამაჯანსაღებელი ფიზიკური კულტურის თეორია და მეთოდიკა“, სადაც საკანდიდატო დისერტაციებს იცავდნენ როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნების სპორტის მეცნიერები. აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოზე დაცული იქნა 33 საკანდიდატო დისერტაცია.

თავისი არსებობის მანძილზე, სპორტის უმაღლესმა სასწავლებელმა გამოუშვა 22000-ზე მეტი მაღალკვალიფი-ციური  სპეციალისტი,  რომლებიც   წარმატებით   მოღვაწეობ(დნ)ენ  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სასწავლებელი სათანადო დახმარებას უწევდა მთელ რიგ ქვეყნებს, ფიზკულტურულ-სპორტული მუშაობისათვის საჭირო კადრების მომზადების საქმეში. სხვადასხვა დროს, კუბაში, ირანში, ავღანეთში, გერმანიაში, ალჟირში,  კამბოჯაში, ტაილანდში, ინდოეთში, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და სხვა ქვეყნებში, წარმატებით მოღვაწეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის წამყვანი პედაგოგები და კურსდამთავრებულები. ვალერი ვაშაკიძე, მიხეილ ოყროშიძე, დავით მაჭარაშვილი, არჩილ მელია, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი, თორნიკე სანებლიძე, კოკა თაყაიშვილი, ალექსანდრე ჯორჯაძე, რევაზ კერესელიძე, რობერტ შავლაყაძე, ვლადიმერ ძნელაძე, თენგიზ ხერხეულიძე, ვიქტორ ვდოვინი, ევგენი გაგუა, ნოდარ ბახუტაშვილი და მრავალი სხვა. 

    სპორტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები   ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და  რეკორდსმენები არიან. მათ შორის გამორჩეულები არიან: დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი, გივი კარტოზია, მირიან ცალკალამანიძე, ნუგზარ ასათიანი, ლევან თედიაშვილი, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ აფციაური,  ლერი ხაბელოვი, ნინო დუმბაძე, ნინო სალუქვაძე, ზურაბ ზვიადაური,  ბორის პაიჭაძე, ნოდარ ახალკაცი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და სხვები.

    2007 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტის უნივერსიტეტი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა, თუმცა, იქ არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი არ იყო უნივერსიტეტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის.

      2013 წელს სპორტის უნივერსიტეტი კვლავ დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და დღემდე ფუნქციონირებას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელწოდებით აგრძელებს.

   2014 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და 7-წლიანი პაუზის შემდეგ, სტუდენტების მიღება დაიწყო.

2015 წლიდან სპორტის უნივერსიტეტი ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის  წევრია და მონაწილეობას იღებს ასოციაციის მიერ დაგეგმილ სამეცნიერო კონგრესებში.

ჩვენ შესახებ

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებული, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი ყველა სახეობაში)
  • ფიზიური მედიცინა და რეაბილიტაცია
  • ერთწლიანი (60-კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამა
  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • მასწავლების მომზადების პროგრამა

ავტორიზებული საბაკალავრო პროგრამები

  • ბიზნესის ადმინისტრირება

ავტორიზებული სამაგისტრო პროგრამები

  • სპორტის მენეჯმენტი
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი ყველა სახეობაში)
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

მისია

სასწავლო უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს საქართველოში სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის, სპორტის  მენეჯმენტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში ღრმა კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადების გზით, რისთვისაც იგი, როგორც ეროვნულ, ისევე საერთაშორისო დონეზე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების ჰარმონიულ განვითარებას და მათ სწრაფ ადაპტაციას შრომით ბაზარზე. სასწავლო უნივერსიტეტი სრულად აცნობიერებს სოციალური პასუხიმგებლობის მნიშვნელობას, მათ შორის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ღირებულებები და ავტონომიურობა – თავისი საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით,კანონის ფარგლებში, უნივერსიტეტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს

ეროვნული ინტერესების დაცვა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა –უნივერსიტეტი ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციებს, მის მემკვიდრეობას, პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სტანდარტებს.

ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობის პრინციპების ერთგულება – უნივერსიტეტისრულიად იზიარებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ქარტიით განსაზღვრული პრინციპების გავრცელებასა და დანერგვას.

საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობა –უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს,სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში

აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა.

მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა – უნივერსიტეტი მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

განათლებისა  და  კვლევის მაღალი ხარისხისაკენ  მუდმივი  სწრაფვა  უნივერსიტეტიისწრაფვის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო  ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, სწავლა/სწავლების, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო სერვისების  მიწოდებისას მაღალი  ხარისხის  უზრუნველსაყოფად.

აკადემიური კეთილსინდისიერება – უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლა/სწავლებისა დაკვლევის პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას.

გამჭვირვალობა და ღიაობა - უნივერსიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პრაქტიკულად ავრცელებს ინფორმაციას საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის.

სამართლიანობა – სპორტის უნივერსიტეტში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება,  ყველადაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს.

სოციალური პასუხიმგებლობა – უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვაჯგუფის საჭიროებებს, სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილიშეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სპორტული პრობლემების მოგვარებაში.