ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სამსახიობო კარიერა
სპორტისა და კინოს სამყაროები, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან შორს დგანან. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ სპორტული პოდიუმიდან სცენამდე გზა ზოგჯერ სრულიად ბუნებრივად იკვეთება. ფიზიკური სრულყოფილება, დისციპლინა, ემოციური გამძლეობა და აუდიტორიასთან კავშირის უნარი – ეს ის თვისებებია, რომლებიც დიდ სპორტსმენებს ეკრანის ვარსკვლავებადაც აქცევს.
ჯონი ვაისმიულერი – ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, პარიზი 1924 – 3 ოქრო, ამსტერდამი 1928 – 2 ოქრო. იყო აშშ-ის 52-გზის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდი 28-ჯერ გააუმჯობესა. ისტორიაში პირველი მოცურავეა, რომელმაც 100 მ, 1 წუთზე ნაკლებ დროში დაფარა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მან სრულიად სხვა სტიქია დაიპყრო – კინო. 1934-1948 წლებში 19 ფილმში განასახიერა ტარზანი.
სონია ჰენი – ფიგურულ ციგურაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1928, 1932 და 1936). 1927–1936 წლებში ზედიზედ ათჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ექვსჯერ ევროპის ჩემპიონი. 11 წლის ასაკში მონაწილეობდა 1924 წლის პარიზის ზამთრის ოლიმიურ თამაშებზე. 24 წლის ასაკში სპორტს დაემშვიდობა და ჰოლივუდის ყინულის ბალეტის ვარსკვლავად იქცა. 1941 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და 27 ფილმში ითამაშა.
ტონი ზაილერი – 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი სამთო-სათხილამურო სპორტში. 23 წლის ასაკში მოულოდნელად დატოვა სპორტი და კინოს სამყაროში გადაინაცვლა. მონაწილეობა მიიღო 32 ფილმში, მათგან 22-ში მთავარ როლში. ზაილერს სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა – გამოსცა 18 დისკი.
კარლ ლუისი – ცხრა ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და მძლეოსნობის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა. სპორტული კარიერის შემდეგ სცადა თავი კინოში და ტელევიზიაში.
კარიმ აბდულ-ჯაბარი – NBA-ს 6-გზის ჩემპიონი: 6-გზის MVP, 19-ჯერ ითამაშა All-Star. კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „სიკვდილის თამაში“.
მაიკლ ჯორდანი – NBA-ს 6-გზის ჩემპიონი: 6-გზის MVP, 14-ჯერ ითამაშა All-Star. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1984 წელი – ლოს-ანჯელესი, 1992 წელი – ბარსელონა). მონაწილეობდა ფილმებში „Space Jam“, „Malcolm X“, „Boomerang“.
შაკილ ო’ნილი – NBA-ს 4-გზის ჩემპიონი: 3-გზის MVP, 15-ჯერ ითამაშა All-Star. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი. გადაღებულია ფილმებში „Space Jam“, „Kazaam“, „Grown Ups 2“.
არნოლდ შვარცენეგერი – შვიდგზის „მისტერ ოლიმპია“. გადაღებულია ფილმებში „კონანი ბარბაროსი“, „ტერმინატორი“, „მტაცებელი“, „კომანდო“, „სრული გახსენება“ და „ნამდვილი ტყუილები“. 2003–2011 წლებში იყო აშშ-ის შტატის – კალიფორნიის გუბერნატორი.
ჯონ სინა – 16-გზის მსოფლიო ჩემპიონი WWE-ში. იყო კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი (NCAA Division III) და ბოდიბილდერი. ჯონ სინა გადაღებულია ფილმებში „მშვიდობისმყოფელი“ და „ფორსაჟი“.
დუეინ ჯონსონი – თავდაპირველად ამერიკული ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი WWE-ს (რესლინგი) ლეგენდა გახდა და 10-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გადაღებულია ფილმებში „მუმია ბრუნდება“, „მორიელების მეფე“, „ფორსაჟი“, „ჯუმანჯი“ და მრავალ სხვა ბლოკბასტერებში.
ჩაკ ნორისი – მსოფლიო კარატეს ლეგენდა, 1968-1974 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დებიუტი ჰქონდა ფილმში „დრაკონის გზა“, მოგვიანებით სერიალმა „უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ ის მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავად აქცია.
კურტ სტივენ ენგლი – ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მან ეს ტიტული გატეხილი კისრით მოიპოვა. WWE ცამეტი გზის მსოფლიო ჩემპიონი. მონაწილეობდა ფილმებში „Warrior“ და „End Game“.
მაიკ ტაისონი – პროფესიონალურ კრივში 20 წლის ასაკში, 1985 წელს, გახდა მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC ვერსიით (1987-1990, 1995-1996), მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიონალთა შორის (1987-1990). გადაღებულია ჰოლივუდურ და სატელევიზიო ფილმებში „The Hangover“, „Ip Man 3“.
რონდა როუზი – პირველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი UFC-ში (Bantamweight Division), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი. ჰოლივუდური დებიუტი ჰქონდა ფილმებში „Fast & Furious 7“, „Mile 22“, „Road House“.
ლევან თედიაშვილი – ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. მისი მონაწილეობით ცნობილია ფილმი „ხარება და გოგია“, სადაც იგი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს (გოგია). იყო თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; სახელმწიფო რწმუნებული. საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ომარ ფხაკაძე – ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ველოსპორტში, მან ეს ტიტული 1965 წელს ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატებზე ასევე მოპოვებული აქვს ვერცხლის (1969 წ.) და ბრინჯაოს (1966 წ.) მედლები. იყო სსრ კავშირის 10-გზის ჩემპიონი და 4-გზის თასის მფლობელი. გადაღებულია მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის – ხარებას როლს.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პიროვნებები არ ყოფილან მხოლოდ ჩემპიონები ან მსახიობები; ისინი იქცნენ ეპოქის სიმბოლოებად. მათი ცხოვრება გვიჩვენებს, რომ გამარჯვება მხოლოდ პოდიუმზე არ წყდება; ზოგჯერ იგი გრძელდება ეკრანზე, სცენაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქ, სადაც სპორტული სული ხელოვნების ენაზე იწყებს საუბარს.
სტატიის ავტორი: პროფესორი, ჯემალ ძაგანია



