საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩვენს შესახებ
მთავარი ჩვენს შესახებ მწვრთნელთა ფაკულტეტის დებულება

მწვრთნელთა ფაკულტეტის დებულება

დებულება

დამტკიცებულია სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს
26/09/2025 წლის სხდომის ოქმით N5

სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ფაკულტეტის სტატუსი

1. სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში –
„უნივერსიტეტი“) მწვრთნელთა ფაკულტეტი (შემდგომში – „ფაკულტეტი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შესაბამის სპეციალობებში და კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობასა და წინამდებარე დებულებას.

3. ფაკულტეტის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.

4. ფაკულტეტს გააჩნია ოფიციალური ბეჭედი და ბლანკი, რომლებიც გამოიყენება ოფიციალური მიმოწერისას, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ფაკულტეტს აქვს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოყოფილი სპეციალური სივრცე.

6. ფაკულტეტის მისამართია: თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას 76 –„ბ“ქ.

მუხლი 2. დებულების მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ფაკულტეტის სამართლებრივ სტატუსს, ძირითად ამოცანებს, სტრუქტურას, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და არეგულირებს ფაკულტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ფაკულტეტის დებულება სავალდებულოა შესასრულებლად ფაკულტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალისა და სტუდენტისათვის. იგი ასევე ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც ამყარებს სამართლებრივ ურთიერთობას
ფაკულტეტთან, წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ ან ფაკულტეტის უფლებამოსილებაში მყოფ სხვა საკითხებზე.

მუხლი 3. ფაკულტეტის ამოცანები მწვრთნელთა ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება;
ბ) სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა;
გ) აკადემიური უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ე) აკადემიური თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების დაცვა;
ვ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება;
ზ) ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით;
თ) გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;
ი) სპორტის სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

თავი II

ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა მუხლი 4. ფაკულტეტის სტრუქტურა

1. ფაკულტეტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ მმართველ სუბიექტებს: ფაკულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი, დეკანის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სასწავლო-სამეცნიერო ერთეულები (კათედრები) და ადმინისტრაციული ოფისი (დეკანატი).

2. დეკანატის თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.

3. დეკანატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ფაკულტეტის დეკანის
წინაშე. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.

4. ფაკულტეტის დეკანატი უზრუნველყოფს:
ა) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოებას;
ბ) სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) სტუდენტთა მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეტანასა და განახლებას; დ) სიების, უწყისების და მობილობის მონაცემების წარმოებას;
ე) სტუდენტებისთვის აკადემიური მოსწრებისა და სხვა სახის ინფორმაციის გაცემას; ვ) საგამოცდო უწყისების გაცემას, მიღებასა და დამუშავებას;
ზ) დამამთავრებელი კურსების მონაცემების გადამოწმებას აკადემიური ხარისხის მინიჭების ბრძანებისა და დანართის მოსამზადებლად;
თ) აკადემიური და ფინანსური დავალიანების კონტროლს საგამოცდო პერიოდში; ი) დოკუმენტაციის აღრიცხვას და საარქივო მასალის შესაბამის არქივში გადაცემას; კ) ფაკულტეტის დეკანის სხვა დავალებების შესრულებას.

5. ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულის გაუქმების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები აისახება ფაკულტეტის დებულებაში ან მის ცვლილების პროექტში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა. მუხლი 5. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის მართვა

1. ფაკულტეტის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

2. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, უნივერსიტეტის შიდასამართლებრივ აქტებსა და წინამდებარე დებულებას.

3. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია ერთეულში შემავალი თანამშრომლების საქმიანობის სამართლებრივ შესაბამისობაზე.

4. ფაკულტეტის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტები და შეასრულოს მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობისა და დებულების საფუძველზე.

5. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ ოფისში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით, შესაბამისი სამუშაო აღწერილობებითა და შრომითი ხელშეკრულებით.

თავი III

ფაკულტეტის მართვის ორგანოები მუხლი 6. მართვის ორგანოები
ფაკულტეტის მმართველი ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) ფაკულტეტის დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 7. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის საბჭო წარმოადგენს ფაკულტეტის კოლეგიურ წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) ფაკულტეტის დეკანი;
ბ) ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი;
გ) სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეადგენენ საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ მეოთხედს (¼).

3. ფაკულტეტის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: ა) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ბ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა;
გ) შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 8. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

ფაკულტეტის საბჭო:

ა) ადგენს ფაკულტეტის ხარჯების (ბიუჯეტის) პროექტს და წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

ბ) თავისუფალი, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე, წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით ამზადებს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ ცვლილებებს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს დამტკიცებისთვის;
დ) დეკანის წარდგინებით ამზადებს ფაკულტეტის სტრუქტურისა და დებულების პროექტს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ვ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) განსაზღვრავს სამაგისტრო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო მიმართულებების ფარგლებში;
თ) ყოველ სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო საგნების კოეფიციენტებს;
ი) წარუდგენს აკადემიურ საბჭოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობას;
კ) წარადგენს აკადემიურ საბჭოში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით;
ლ) მიმართავს აკადემიურ საბჭოს ფაკულტეტის წარდგინებით საპატიო დოქტორის, ემერიტუსის წოდებისა და საფაკულტეტო მედლების მინიჭების თაობაზე;
მ) წარადგენს დასაბუთებულ წინადადებას რექტორთან აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების შესახებ;
ნ) განიხილავს სტუდენტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში;
ო) უფლებამოსილია, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულების ან შეუფერებელი ქმედების შემთხვევაში. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ამ კენჭისყრაში დეკანი მონაწილეობას არ იღებს. აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება შეჩერებას მათი გასაჩივრების შემთხვევაშიც კი;
პ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტზე ცენტრების, ლაბორატორიებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესახებ მოქმედი კანონმდებლობისა და დებულების შესაბამისად და ამტკიცებს მათ დებულებებს;
რ) უფლებამოსილია კონკრეტული საკითხის შესასწავლად შექმნას სპეციალური კომისიები, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
ს) იღებს გადაწყვეტილებას ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
ტ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზებს; უ) ამტკიცებს „ფაკულტეტის კათედრების საქმიანობის წესს“;
ფ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას, რომელიც განსაზღვრულია უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 9. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების წესი და საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ფაკულტეტის საბჭო, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფაკულტეტის საბჭოს წევრების სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.

2. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს და სხდომებს წარმართავს ფაკულტეტის დეკანი (დეკანის არარსებობის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შემსრულებელი). დეკანისა და მისი მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით თუ კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით და სათანადო დასაბუთებით, დასაშვებია ფარული კენჭისყრის ჩატარება.

4. ფაკულტეტის საბჭო პირველ სხდომაზე საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით ირჩევს ფაკულტეტის საბჭოს მდივანს. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის ფუნქციაა ფაკულტეტის საბჭოს საქმისწარმოების ორგანიზება. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით არჩეული საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან.

5. ფაკულტეტის საბჭოს მდივანი დეკანის მითითებით ამზადებს ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც წინასწარ არაუგვიანეს 2 კალენდარული დღით ადრე აცნობს ფაკულტეტის საბჭოს წევრებს. ფაკულტეტის საბჭოს მდივანი ასევე უზრუნველყოფს საჯარო გაცნობისათვის ფაკულტეტის შენობაში დღის წესრიგის განთავსებას საჯარო სივრცეში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

6. ფაკულტეტის საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც უნდა აცნობონ ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს სხდომის ჩატარებამდე, გონივრულ ვადაში.

7. ფაკულტეტის საბჭო სხდომის დაწყებისთანავე ამტკიცებს დღის წესრიგს ღია კენჭისყრით.

8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნის წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია ფაკულტეტის საბჭოს მდივანთან. რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს.

9. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი თუ კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. ფაკულტეტის საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.

10. ფაკულტეტის საბჭოს ყველა სხდომა ფორმდება ოქმით ან/და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს/სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდის ფაკულტეტისათვის გათვალისწინებულ სივრცეში.

11. ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სხდომის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) სხდომაზე გამოცხადებულ ფაკულტეტის საბჭოს წევრთა რაოდენობა; გ) დღის წესრიგი;
დ) სიტყვით გამომსვლელთა ვინაობა და ტექსტის მოკლე შინაარსი; ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 10. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი

1. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი.

2. დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

3. ფაკულტეტის საბჭო, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს დეკანს 4 წლის ვადით გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, იმავე დღეს ტარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. თუ მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ახალი არჩევნების თარიღი ინიშნება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. არჩევნების ჩატარების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. დეკანის არჩევის მიზნით გამართულ ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ხსნის საბჭოს ყველაზე უხუცესი წევრი, რომელიც არ არის ასარჩევი კანდიდატი. ფაკულტეტის საბჭო ღია კენჭისყრით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს სხდომის ფორმალურ და ორგანიზაციულ გამართულობას, დეკანის არჩევის პროცედურის გამოკლებით.

5. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადება ფაკულტეტის საბჭოს მიერ ქვეყნდება რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 სამუშაო დღისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 2 კვირისა და არაუმეტეს სამი კვირისა. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის შესაბამის ფაკულტეტზე.

6. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 11. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილებები

1. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესრულებას მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით; ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) რექტორს წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურებს დასანიშნად;
ზ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალის კანდიდატურებს;
თ) უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს აკადემიური თანამდებობების ნუსხის პროექტს;

ი) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე; კ) კოორდინირებას უწევს და ხელმძღვანელობს დეკანის ოფისს;
ლ) ამტკიცებს საატესტაციო და კრედიტების აღიარების კომისიების შემადგენლობას; მ) ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც მინიჭებულია უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. დეკანი ინდივიდუალური სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

3. ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეკანის სამუშაო ადგილის დროებითი შეცვლისა (მივლინება) და შვებულების მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ დეკანს დროებით არ შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება და შესაბამისი სამართლებრივი აქტი არ არსებობს, მისი მოვალეობები ავტომატურად გადაეცემა დეკანის მოადგილეს, გარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობისა.

მუხლი 12. დეკანის მოადგილე

1. დეკანს ჰყავს მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო სფეროებში.

2. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.

3. დეკანის მოადგილეს, დეკანის წარდგინებით, ნიშნავს და ანთავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

4. დეკანის მოადგილე უზრუნველყოფს:

ა) სასწავლო პროცესის მართვას, სასწავლო განრიგის შედგენასა და აკადემიური პერსონალის დატვირთვის მონიტორინგს;
ბ) ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას, სტუდენტების კვლევით საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერას, მათ შორის საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას; გ) დეკანის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული დავალებების შესრულებას.

მუხლი 13. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასებისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს უფლება აქვს ითანამშრომლოს უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მათ შესაბამის სამსახურთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულური სისტემა, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებით, ასევე მონაწილეობს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისთვის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში.

4. სამსახური აგრძელებს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას, მათ აქტიურ ჩართვას საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში და უკუკავშირის საფუძველზე ახორციელებს პროგრამების გაუმჯობესებას.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის შემადგენელ ნაწილს.

6. სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე.

7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარსადგენ მოთხოვნებს ადგენს ფაკულტეტის საბჭო, ხოლო მისი არჩევა ხდება უნივერსიტეტში მოქმედი წესების შესაბამისად.

8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წელიწადში ერთხელ წარადგენს საქმიანობის ანგარიშს ფაკულტეტის საბჭოს.

მუხლი 14. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ფაკულტეტის საბჭო ირჩევს ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერით, 4 წლის ვადით.

2. სამსახურის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მომზადებას და მის წარდგენას ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
დ) ახორციელებს უფლებამოსილებებს, რომლებიც განსაზღვრულია უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარსადგენ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

თავი IV

სასწავლო-სამეცნიერო ერთეულები მუხლი 15. კათედრა

1. სასწავლო-სამეცნიერო ერთეულები (კათედრები) უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების განხორციელებას შესაბამისი მიმართულებებით.

2. კათედრა წარმოადგენს პროგრამის ან მასთან მონათესავე საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირით დაკავშირებული პროგრამების განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურსების ერთობლიობას.

3. ფაკულტეტის შემადგენლობაში მოქმედებს შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები (კათედრები):

ა) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის, მეთოდიკის, მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრა;
ბ) პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა
გ) სპორტთამაშების კათედრა (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მოძრავი თამაშები)
დ) სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრა (ძიუდო, ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფარიკაობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა)
ე) სპორტის მასობრივი სახეების კათედრა (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სპორტის საწყალოსნო სახეობები)

4. კათედრის შექმნის ან გაუქმების შესახებ არგუმენტირებული ინიციატივა შეიძლება გააჩნდეს ფაკულტეტის დეკანს ან ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს. გადაწყვეტილებას კათედრის შექმნის ან გაუქმების თაობაზე იღებს ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აისახება ფაკულტეტის დებულებაში/დებულების ცვლილების პროექტში და
წარედგინება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს დამტკიცებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კათედრა შედგება სულ მცირე 4 წევრისგან.

6. კათედრის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კათედრის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა ღიაა, თუმცა შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა კათედრის წევრთა გადაწყვეტილებით. კათედრის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, თუ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება.

7. კათედრას ხელმძღვანელობს პროფესორი, რომელიც აირჩევა კათედრის პირველ სხდომაზე. პირველი სხდომა ტარდება კათედრის შექმნის შემდეგ ან უახლოესი აკადემიური თანამდებობის კონკურსის შემდეგ. კათედრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს კათედრის ფუნქციონირებას ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.

8. თუ კათედრაში მხოლოდ ერთი პროფესორი შედის, ის ავტომატურად ხდება კათედრის ხელმძღვანელი. ორი ან მეტი პროფესორის არსებობის შემთხვევაში ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების უმრავლესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი და თანაბარი ხმა მიიღეს. თუ განმეორებით კენჭისყრაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის დეკანი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

9. კათედრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს ასოცირებული პროფესორი იმ შემთხვევაში, თუ კათედრაში პროფესორი არ არის, ვადით არაუმეტეს 12 თვისა
— პროფესორის არჩევამდე.

10. კათედრის სხდომებს თავმჯდომარეობს კათედრის ხელმძღვანელი. მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს კათედრის მიერ ღია კენჭისყრით არჩეული პროფესორი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ასოცირებული პროფესორი.

11. კათედრის სხდომის ოქმს აწარმოებს სხდომის მდივანი, რომელიც აირჩევა კათედრის შემადგენლობიდან ან შეიძლება იყოს პროფესორის ასისტენტი, რომელსაც კათედრა შესაბამისი გადაწყვეტილებით ავალებს აღნიშნულ ფუნქციას.

მუხლი 16. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

1. საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) წარმოადგენს სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობას, რომელიც განისაზღვრება კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო მიზნებით, სწავლის შედეგებით, შეფასების სისტემითა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებებით.

2. ფაკულტეტზე მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები.

3. საგანმანათლებლო პროგრამას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი. პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის შესაბამისი დარგის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელად შეიძლება მოწვეულ იქნას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირიც. ასეთი მოწვევა უნდა დამტკიცდეს ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარდგინების საფუძველზე, სადაც დასაბუთებული იქნება მისი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში პროგრამას უნდა თანხელმძღვანელობდეს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

5. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან სასწავლო კურსების სილაბუსების ხარისხზე და პროგრამის შესაბამისობაზე ხარისხის სტანდარტებთან.

თავი V

ფაკულტეტის ხარჯები (ბიუჯეტი) და ფინანსები მუხლი 17. ფაკულტეტის ხარჯები (ბიუჯეტი)

1. ფაკულტეტის ხარჯები (ბიუჯეტი) წარმოადგენს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს.

2. ფაკულტეტი ხარჯების (ბიუჯეტი) შემუშავებაში მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 18. ფაკულტეტის ფინანსები

ფაკულტეტის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის განკარგულებაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, ფაკულტეტის წარდგინებით წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობითა უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით.

თავი VI
ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 19. დებულების მიღების, გაუქმების, მასში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის წესი

1. ფაკულტეტის საბჭო დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

2. ფაკულტეტის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.