2025 წლის 12-14 ნოემბერს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმში (EQAF 2025), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. ფორუმს ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
EQAF მნიშვნელოვანი ევროპული პლატფორმაა, სადაც ერთ სივრცეში იყრიან თავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მსჯელობენ და განიხილავენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებულ ტენდენციებს, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა – „ხარისხის კონტროლი კრიზისების დროს – სტაბილურობის, ავტონომიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“ – ევროპასა და მსოფლიოში არსებული გამოწვევებით იყო ნაკარნახევი.
EQAF 2025-ზე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ: მაია ხურცილავა – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ნინო ძაგანია – ასოცირებული პროფესორი, მწვრთნელთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ანა აბისონაშვილი – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
სამდღიანი ფორუმის განმავლობაში ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო სესიებში, დისკუსიებსა და თემატურ შეხვედრებში. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე ევროპულ პრაქტიკებს, მიეღოთ ფასეული ინფორმაცია წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში არსებული გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე, დაემყარებინათ ახალი პროფესიული ურთიერთობები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის განვითარებას.
EQAF 2025-ში მონაწილეობამ კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი უნივერსიტეტის ერთგულება ევროპული ხარისხის სტანდარტებისა და უწყვეტი განვითარების მიმართ.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის EQAF-ის ორგანიზატორებსა და კორვინუსის უნივერსიტეტს ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.


