/ სიახლე / საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს...

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პირველად თანამედროვე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ის) 131 წლიანი ისტორიის მანძილზე ქალი უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას.
2025 წლის 20 მარტს გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 144-ე სესია, რომელზეც  აირჩიეს სოკ-ის მე-10 პრეზიდენტი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტი იქნება ზიმბაბვეს წარმომადგენელი კირსტი ქოვენთრი.
სოკის მე-9 პრეზიდენტის, თომას ბახის 12-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდება 2025 წლის 23 ივნისს. იმავე დღეს პრეზიდენტის სავარძელს ჩაიბარებს კირსტი ქოვენთრი და გახდება პირველი ქალი და აფრიკის პირველი წარმომადგენელი სოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე.
კირსტი ქოვენთრი დაიბადა 1983 წლის 16 სექტემბერს. არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, მსოფლიოს 7-გზისა და აფრიკული თამაშების 14 გზის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი. სპეციალიზირდებოდა ზურგზე და კომპექსურ ცურვაში 200 და 400 მეტრზე. 
2025 წლის მარტის მდგომარეობით ფლობს ზიმბაბვეს 11 რეკორდს, რომელთაგან 6 არის აფრიკის რეკორდი. 2018 წელს ზიმბაბვეს მთავრობაში ეკავა ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნებისა და დასვენების მინისტრის პოსტი. იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და სოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე.
კირსტი ქოვენთრის, მეტოქეებად ჰყავდა მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ინგლისელი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი და საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დავიდ ლაპარტიენი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი და სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი - იორდანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ჰუსეინი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სოკ-ის 97 წევრმა. კირსტი ქოვენთრის ხმა მისცა 49 დელეგატმა, მეორე ადგილზე-28 ხმით გავიდა ხუან ანტონიო სამარანჩი, მესამე ადგილზე გასულ სებასტიან კოეს - 8 ხმა ერგო.