საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი ღონისძიებები საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ

საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ

16-17 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „სპორტი მშვიდობისა და ჯანმრთელობისთვის“, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი დოლაბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ მაისურაძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის სპორტული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “Erasmus+” პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროექტების პერსპექტივებს.

სამეცნიერო ფორუმი სომხეთის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ჰასმიკ ავაგიანმა და ერევნის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტის რექტორმა ტიგრან სიმონიანმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და მეცნიერებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული მომზადების პედაგოგიური და სამეცნიერო-მეთოდური მიდგომები, ოლიმპიზმის საგანმანათლებლო ასპექტები, სპორტის სამართლის განვითარება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტული აქტივობების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ასპექტები, სპორტული ტურიზმის პერსპექტივები და სპორტული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევები.

ღონისძიება დასრულდა საზეიმო გალაკონცერტით ერევნის ოპერის თეატრში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო და ქვეყნის უმაღლეს სპორტულ სასწავლებელს იუბილე მიულოცა.