/ სიახლე / ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა...

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადებაზე შეთანხმდნენ.  როგორც მათ განაცხადეს, ეს თამაშები 2021 წელს ჩატარდება. ასევე გადავადდა პარალიმპური თამაშებიც.

ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორიოლიმპიადის მინისტრი ჰაშიმოტო სეიკო, ტოკიოს გუბერნატორი კოიკე იურიკი, IOC-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯონ კოუტსი, IOC-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დე კეპერი და IOC-ის ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დუბი.

თამაშების ერთი წლით გადავადების წინადადებით გამოვედი, რაზეც IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი 100 პროცენტით დათანხმდა. ყოველივე ეს ათლეტებს უკეთეს პირობებში ასპარეზობის შესაძლებლობას მისცემს, თამაშებს კი უსაფრთხოს გახდის მაყურებლისთვისაც," - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ტოკიო-2020-ის განცხადებებმა, რომ ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში ჩატარდებოდა, შემდგომ კი თამაშების შესაძლო გადავადებაზე ოთხ კვირაში იმსჯელებდნენ, თამაშების მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია. კორონავირუსის მასშტაბების ზრდამ და საერთო სურათის დამძიმებამ ოლიმპიურ მოძრაობა აიძულა რადიკალური ნაბიჯები გადაედგა.

შესაბამის პირობებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე შეთანხმდნენ, რომ ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები უნდა გადავადდეს და ჩატარდეს არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ათლეტთა, თამაშების ყველა მონაწილის და საერთაშორისო საზოგადოების ჯანმრთელობა," - ვიტყობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებიდან. ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პალარიმპური თამაშები ტოკიო-2020."

კორონავირუსის პანდემიის გამო, ოლიმპიურ მოძრაობა ურთულესი არჩევანის წინაშე დადგა. თანამედროვე ოლიმპიური თამაშების 124-წლიან ისტორიას ახსოვს პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო სამჯერ - 1916, 1940 და 1944 წლებში გაუქმებული ოლიმპიური თამაშები, 1980 წლის მოსკოვის და 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშების მასშტაბური ბოიკოტები, მაგრამ ჯერ არ ყოფილა, რომ თამაშების ჩატარების პირვანდელი ვადები შეცვლილიყოს და გადავადებულიყოს.