/ სიახლე / საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებისათვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა...

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებისათვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. დღეიდან მსურველები რეგისტრაციას ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge 26 მარტის 18:00 საათის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. 
 
ამასთან, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. 
 
რეგისტრაციის ვიდეონსტრუქცია
 
სიახლე: განსხვავებით  2017-2019 წლებისგან, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 
 
ტესტურ დავალებათა ნიმუშები
 
რეგისტრაციის გავლამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას - გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია. 
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.
 
რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის მსურველმა უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობს საფასური - 50 ლარი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
 
1. ცენტრის ვებგვერდიდან  იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 30 აპრილის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე. 
 
მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ. 
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (30 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. 
 
გაითვალისწინეთ:
  • არ გაანდოთ სხვას პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
  • კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით. 
  • მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 16 აპრილის  18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

 

წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი