/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტსა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მ...

სპორტის უნივერსიტეტსა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 21 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და  ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა   გვანცა ჭკადუამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთშორის სამეცნიერო მიღწევების  გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება-განხორციელებას, სამეცნიერო-კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტების მომზადებაში ხელის შეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება/განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ორ ინსტიტუციას თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი პროფესორ-მასწავლებლები პარალელურად ორივე ინსტიტუციაში წლების განმავლობაში ეწეოდნენ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაგალითისთვის, სპორტის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა 1938 წელს გაიხნა, კათედრის გამგე კი აკადემიკოსი სერგი ნარიკაშვილი იყო, რომელიც 1953-1969 წლებში ასევე გახლდათ ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ასევე, 1977 წლიდან, ელგუჯა მონიავა ამავე ინსტიტუტის ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ, 1983-2007 წლებში კი ფიზკულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგის პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა დროს ფიზკულტურის ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად ცნობილ მეცნიერებს იწვევდნენ, მათ შორის იყო საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი – ივანე ბერიტაშვილი, რომელმაც ფიზკულტურის ინსტიტუტის ახლად გახსნილ შენობაში პირველმა წაიკითხა საჯარო ლექცია.