საკონკურსო განაცხადი
3 მარტი დასვენების დღეა
სტიპენდიის კონკურსის შედეგები
გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქალაქ რუსთავში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა. კამპანიის მთავარი მიზანი გენდერული თანასწორობის კუთხით სპორტის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და განხილვა გახდა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია პროექტ “SUPPORTER”-ის გუნდმა და სპორტის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრმა. ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს სპორტის სხვადასხვა სახეობების მწვრთნელებმა, ფედერაციების წარმომადგენლებმა და სპორტის მასწავლებლებმა. დღეს, როდესაც ანტი-გენდერული რიტორიკა მრავალი ქვეყნის საზოგადოებრივ დისკუსიებში მძლავრად იჩენს თავს, ასეთი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელი და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლება და გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე რეაგირება. სპორტი და ფიზიკური აქტივობა სოციალური და კულტურული ცხოვრების წამყვანი სფეროა. და მასში, გენდერული სტერეოტიპები კიდევ უფრო მძლავრად იჩენს თავს. სწორედ ამიტომ, შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც სპორტში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას, სპორტში გენდერული ძალადობის პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე, გენდერული სტერეოტიპების დაძლევასა და ინკლუზიური გარემოს შექმნას უკავშირდება. პროექტ “SUPPORTER”-ის გუნდის წევრებმა ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ძაგანიამ და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მარიამ მაისურაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ინსტიტუციური კულტურის ტრანსფორმაციის მნიშვნელობას, პროექტ SUPPORTER-ის ორწლიანი მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს, რომელთა მიზანია გრძელვადიანი ცვლილებების უზრუნველყოფა სპორტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროექტი SUPPORTER-ი- „სპორტული განათლების უზრუნველყოფა ინოვაციური და ინკლუზიური გენდერული თანასწორობის გეგმებით“, არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც დაიწყო 2023 წლის აპრილში და გრძელდება 2025 წლის სექტემბრამდე. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რვა სპორტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გენდერთან დაკავშირებული ინსტიტუციური, მდგრადი, ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებასა და საკუთარი ინტერსექციური, ინოვაციური, ინკლუზიური და ქმედითი გენდერული თანასწორობის გეგმების (4I GEP) შემუშავებაში, რომელიც ცალსახად ეხება გენდერულ ძალადობასა და სექსუალურ დევნა/შევიწროებას. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს სპორტის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. კამპანიის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები დაეხმარება პროექტის “SUPPORTER” -ის გუნდს დამატებითი სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის განმტკიცებას სპორტ. და ფიზიკურ აქტივობაში.