2021 წლის 21 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გვანცა ჭკადუამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთშორის სამეცნიერო მიღწევების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება-განხორციელებას, სამეცნიერო-კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტების მომზადებაში ხელის შეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება/განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ორ ინსტიტუციას თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი პროფესორ-მასწავლებლები პარალელურად ორივე ინსტიტუციაში წლების განმავლობაში ეწეოდნენ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაგალითისთვის, სპორტის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა 1938 წელს გაიხნა, კათედრის გამგე კი აკადემიკოსი სერგი ნარიკაშვილი იყო, რომელიც 1953-1969 წლებში ასევე გახლდათ ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ასევე, 1977 წლიდან, ელგუჯა მონიავა ამავე ინსტიტუტის ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ, 1983-2007 წლებში კი ფიზკულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგის პოზიციას იკავებდა.
სხვადასხვა დროს ფიზკულტურის ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად ცნობილ მეცნიერებს იწვევდნენ, მათ შორის იყო საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი – ივანე ბერიტაშვილი, რომელმაც ფიზკულტურის ინსტიტუტის ახლად გახსნილ შენობაში პირველმა წაიკითხა საჯარო ლექცია.


